2020 წლის 4, 5, 6 დეკემბერს ონლაინ, Zoom-ის პლატფორმაზე, ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონგრესი ყრუუსინათლობის შესახებ საქართველოში – „ვხედავ და მესმის შეხებით.“
კონგრესის მიზანი იყო გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ყრუუსინათლობის შესახებ. ასევე, მათი ყურადღების მიპყრობა ორმაგი სენსორული დარღვევის ეფექტიანი მართვის სტანდარტის შექმნისა და დანერგვის მნიშვნელობაზე.
სამდღიან კონგრესში ჩართულები იყვნენ ქართველი და უცხოელი ყრუ-უსინათლო პირები, დარგის საერთაშორისო ექსპერტები და ქართველი სპეციალისტები. მათი მონაწილეობით, ჩატარდა ლექციები, ვორქშოფები და პანელური დისკუსიები.
საერთაშორისო ექსპერტები წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი ქვეყნებიდან: პოლონეთი, ინდოეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ინდოეთი, ესპანეთი, კანადა. მათ ღირებული ცოდნა და ინფორმაცია გაუზიარეს ქართველ სპეციალისტებს, ყრუ-უსინათლო პირებსა და კონგრესის აუდიტორიას.
გარდა ღირებული შინაარსისა, კონგრესი გამოირჩეოდა ყრუ-უსინათლო პირებისთვის მისაწვდომობის მაღალი ხარისხით. მთელი კონგრესის მანძილზე, უზრუნველყოფილი იყო თარგმანი ჟესტურ ენაზე და სუბტიტრები. მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად – მასალის სუბტიტრებით აღსაჭურვად, წინასწარ ჩაიწერა რამდენიმე ვიდეო და დამონტაჟდა მისაწვდომ ფორმატში. კონგრესის ის ნაწილი კი, რომელიც პირდაპირ ეთერში/LIVE-ში მიმდინარეობდა, უზრუნველყოფილი იყო Live Captioning-ით. ეს იყო პრეცენდენტი ქართულ რეალობაში. პირველი შემთხვევა, როცა მთელი ღონისძიება მხარდაჭერილი იყო ჟესტური ენითა და სუბტიტრებით. ქართულ ენაზე Live Captioning კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, პირველად ჩვენს კონგრესზე იქნა გამოყენებული.
რაც შეეხება უსინათლო და მცირემხედველ ბენეფიციარებს, კონგრესის პროგრამა, მოსაწვევი, Zoom-ის პლატფორმაზე ოპერირების ინსტრუქცია მიეწოდათ მისაწვდომ ფორმატში, რომლის წაკითხვაც მათი წამკითხველი პროგრამით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, მთელი კონგრესის მანძილზე, მათ აუდიოაღწერით მიეწოდებოდათ Zoom-ის პლატფორმაზე ოპერირების ინსტრუქცია.
კონგრესის ფარგლებში ქართულ ენაზე ითარგმნა სახელმძღვანელი – „მისაწვდომობის სახელმძღვანელო სენსორული დარღვევისთვის“, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს ინფორმაცია არქიტექტორების, დიზაინერების და მომსახურების მიმწოდებლებისა და ინჟინერებისთვის, თუ როგორ მოვაწყოთ სახლის სივრცე და მისი შემოგარენი იმგვარად, რომ მისაწვდომი/ინკლუზიური იყოს სენსორული დარღვევის მქონე – ყრუ-უსინათლო პირებისთვის. სახელმძღვანელო შექმნილია კანადაში, ონტარიოს პროვინციაში ორგანიზაციის Deafblind Ontario Service-ს მიერ. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მსგავსი სახელმძღვანელო, ქართულ ენაზე. კონგრესის ერთ-ერთი ბლოკი სწორედ ამ სახელმძღვანელოს შესახებ ვორქშოფს დაეთმო, რომელსაც ორგანიზაციის Deafblind Ontario Service-ს წარმომადგენელი გაუძღვა. სახელმძღვანელო მომზადებულია ყრუ-უსინათლო პირებისთვის მისაწვდომ ფორმატში – ალტერნატიული ტექსტებით, PDF-ში და გადიდებული ფონტით.
საერთაშორისო კონგრესი გაიმართა საქართველოს სახალხო
დამცველის პატრონაჟითა და პოლონეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „ყრუ-უსინათლო პირთა
მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს
2018 წლიდან ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია ფონდი
ჰუმანდოკი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად.
კონგრესის ორგანიზატორები იყვნენ: ფონდი ჰუმანდოკი და
საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი.