სათანადო რეაბილიტაცია და აღჭურვილობა ზრდის ყრუ-უსინათლო პირის დამოუკიდებლობის ხარისხს, თუმცა ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის. განსაკუთრებით მისთვის ახალ, უცნობ სიტუაციებსა და ადგილებში ყრუ-უსინათლოებთან ურთიერთობისა და პრობლემების არმცოდნე ადამიანებთან შეხვედრა გარდაუვალია. მაგ., ვიზიტი ექიმთან, ოფისში, სუპერმარკეტებში, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სანატორიუმებში, ვარჯიშებზე, ლექციებზე, კონფერენციებზე. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ყრუ-უსინათლო პირებს დამატებითი დახმარება დასჭირდეს. მაგ., ისარგებლონ თარჯიმან-მეგზურის მომსახურებით, ასე მათ ექნებათ საშუალება ეურთიერთონ პროფესიონალს, რომელიც ფლობს ყრუ-უსინათლო პირებთან კომუნიკაციისა და მათი მეგზურობისთვის საჭირო სპეციფიკურ ცოდნასა და უნარებს. თარჯიმან-მეგზურის დახმარებით ყრუ-უსინათლო ადამიანს შეუძლია მივიდეს მისთვის სასურველ ადგილას და დაამყაროს ურთიერთობა მისთვის სასურველ ადამიანებთან. 

შესაბამისად, თარჯიმან-მეგზურის მომსახურება მოიცავს: 

  • ყრუ-უსინათლო პირის დახმარება გადაადგილებისას 
  • ყრუ-უსინათლო პირის დახმარება კომუნიკაციისას 

ამ ეტაპზე, ორგანიზაცია, ყრუ-უსინათლო პირებისთვის, უზრუნველყოფს თარჯიმან-მეგზურის მომსახურებას საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდსა და ქუთაისში.