2020 წლის 15 დეკემბერს, საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერითა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ბულგარეთის რესპუბლიკის განვითარების დახმარების პროგრამის ფარგლებში ხელი მოეწერა ახალ პროექტს “ყრუ-უსინათლოთა ხმა საქართველოში”
პროექტის მიზანია საქართველოში ყრუ-უსინათლო პირთა უფლებების დაცვა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდება საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირთან და ბულგარეთის ყრუ-უსინათლოთა ეროვნული ასოციაციასთან (NADbBg) მჭიდრო თანამშრომლობით და აქტიური ჩართულობით.
10 თვის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ყრუ-უსინათლოთა კლუბებს თბილისში, თელავში, ზუგდიდში და ბათუმში. ყრუ-უსინათლო პირები სამიზნე რეგიონებში მიიღებენ ხელმისაწვდომობას თარჯმან მეგზურის მომსახურებასა და ონლაინ იურიდიულ კონსულტაციაზე.
ყრუ-უსინათლო მოზარდების განათლების პროცესში მონაწილე პირთათვის მიწოდებული იქნება მეთოდოლოგიური დახმარება. NADbBg-ის წარმომადგენლები მათ გაუზიარებენ ბულგარეთის გამოცდილებას იმ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით, რომლებიც ყრუ-უსინათლო პირთა წინაშე დგას ბულგარეთში.
ჩატარებული აქტივობების დიდი ნაწილი გამიზნული იქნება საქართველოს საზოგადოებაში, ადგილობრივ მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზე ყრუ-უსინათლო პირთა საჭიროებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ და აღნიშნულ სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისკენ.
პროექტის “ყრუ-უსინათლოთა ხმა საქართველოში” საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბულგარეთის რესპუბლიკის საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა დესისლავა ივანოვა-კოზლევამ და ჰუმანდოკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის საქართველოს წარმომადგენლობის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ქალბატონმა მეგი ბიბილურმა.