ყრუ-უსინათლო პირთა განათლების დასაწყისი

მანამ, სანამ რომელიმე ყრუ-უსინათლო ბავშვი განათლებას მიიღებდა, ფილოსოფოსები დიდხანს სპეკულირებდნენ იმით, რომ ყრუ-უსინათლო ბავშვის გონებას შეიძლებოდა ნათელი მოეფინა იმისთვის, რაც არის მთავარი და ნამდვილი ადამიანში. მათ სწამდათ, რომ ბავშვს, რომელსაც დარღვეული ჰქონდა სენსორული აღქმა და არ იცნობდა სამყაროს, შეეძლო მათთვის ხელშესახები გაეხადა ადამიანის თანდაყოლილი ცოდნა უმაღლესი არსების (ღმერთის) შესახებ.

სემუელ გრიდლი ჰოუის, პერკინსის უსინათლოთა სკოლის პირველ დირექტორს, ასევე აინტერესებდა რას აეხდებოდა ფარდა, თუ ის შეძლებდა ჩასწვდომოდა ყრუ-უსინათლო ბავშვის იზოლირებულ გონებას. 1837 წელს მან გაიგო ახალგაზრდა ნიუ ჰემფშირელი გოგონას შესახებ, რომელსაც ავადმყოფობის შედეგად ჰქონდა დაკარგული სმენა და მხედველობა. სემუელს უყვარდა გამოწვევები, ამიტომ, დაუყოვნებლივ გაემგზავრა ნიუ ჰემფშირში 7 წლის ლაურა ბრიჯმანთან შესახვედრად.

ლაურა პერკინსში ჩამოდის

ჰოუიმ დაარწმუნა ლაურას მშობლები, რომ მისთვის საუკეთესო შანსი იყო პერკინსის სკოლაში განათლების მიღება. მან ლაურას განათლება მისთვის ენის გაცნობით დაიწყო, ამისთვის ის ისეთ ყოველდღიურ ნივთებზე, როგორებიცაა მაგ: გასაღები ან კოვზი, აწებებდა ეტიკეტებს, რომლებსაც ამობურცული ასოებით ეწერა ამ კონკრეტული საგნის სახელი. რამდენიმე კვირის შემდეგ, ლაურამ დაიწყო გააზრება, რომ ნივთებს ჰქონდათ თავიანთი სახელები. ლაურას დაუნიშნეს მასწავლებელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მის გვერდით იყო. გოგონა ხალისით სწავლობდა თითებით წერას, რომელსაც, როგორც წესი, ყრუ ადამიანები იყენებდნენ. ენისა და გრამატიკის ერთწლიანი სწავლებისა და სამყაროს შესახებ ზოგადი ცოდნის მიღების შემდეგ, ლაურა ჩაეწერა პერკინსის რეგულარული სწავლების მკაცრად რეგლამენტირებულ პროგრამაში. სწავლების ტრადიციულ პროგრამასთან ერთად, ლაურას განრიგი მოიცავდა ენერგიულ ფიზიკურ სავარჯიშოებსა და ხელსაქმეს – ქსოვას, ქარგვასა და კერვას. ლაურას განათლებამ შექმნა მოდელი, რომლის მიხედვითაც ათწლეულების მანძილზე ასწავლიდნენ პერკინსში ყრუ-უსინათლო სტუდენტებს.

ზრდასრული ცხოვრება

20 წლის ასაკში, ფორმალური განათლების დასრულების შემდეგ, ლაურამ დატოვა სკოლა. ის ნიუ ჰემფშირში გადავიდა თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად, მაგრამ მალევე იგრძნო სიმარტოვე და მოწყენილობა. საბოლოოდ, ის დაბრუნდა პერკინსის სკოლაში, მისი სოციალური და ინტელექტუალური სტიმულირებისთვის საუკეთესო ადგილას, სადაც 1889 წლამდე, გარდაცვალებამდე, ასწავლიდა ხელსაქმესა და კერვას.

ჰოუის წარმატებული მუშაობა ლაურა ბრიჯმანთან დოკუმენტირდა და ის ფართოდ ვრცელდებოდა, როგორც წლიური ანგარიშების სახით, ასევე პოპულარულ პრესაში. ლაურა, ბავშვობაში, დედოფალ ვიქტორიას შემდეგ ყველაზე ცნობილი ადამიანი იყო, მე-20 საუკუნეში კი მას უკვე პრაქტიკულად არავინ იცნობდა.

ლაურას მემკვიდრე ჰელენი

1886 წელს, მაიკლ ანაგნოსმა, ჰოუის სიძემ და პერკინსის მეორე დირექტორმა, მიიღო წერილი კელერების ოჯახიდან. ალაბამელი წყვილი ითხოვდა დახმარებას თავისი პატარა გოგონასთვის, ჰელენისთვის, რომელმაც, ლაურა ბრიჯმანის მსგავსად, ავადმყოფობის შედეგად დაკარგა სმენა და მხედველობა. იმის გამო, რომ ჰელენი ძალიან პატარა იყო პერკინსის სკოლაში სწავლისთვის, ანაგნოსმა მათთან გაგზავნა მასწავლებელი, ახლადკურსდამთავრებული ენ სალივანი. ენმა პერკინსში სწავლისას გაიცნო შუახნის ასაკის ლაურა ბრიჯმანი და ისწავლა ხელების ანბანი, რათა შეძლებოდა მასთან კომუნიკაცია.

ალაბამაში გამგზავრებამდე ენი ერთი თვე ემზადებოდა, ამ დროის განმავლობაში ის კითხულობდა ჰოუის ანგარიშებს ლაურა ბრიჯმანის სწავლების შესახებ. ენი ჰელენთან შეხვედრისთანავე მიხვდა, რომ ამ 6 წლის ენერგიით აღსავსე გოგონას სწავლებისთვის უფრო შემოქმედებითი მიდგომები იყო საჭირო. სალივანი აცნობიერებდა, რომ ჰელენის ინტელექტი და ცოცხალი ცნობისმოყვარეობა დიდ დახმარებას გაუწევდა სწავლების პროცესში. ის აკვირდებოდა რა აინტერესებდა ბავშვს და ამ ინტერესს იყენებდა გაკვეთილის საწყის წერტილად.

ჰელენი ჩამოდის პერკინსში

ჰელენ კელერი პერკინსში ლაურა ბრიჯმანის შემდეგ 50 წელში მოვიდა. ამ და შემდგომი ათწლეულების განმავლობაში ბევრმა ყრუ-უსინათლო ბავშვმა მიიღო განათლება პერკინსში. მიუხედავად იმისა, რომ ენ სალივანმა შემოქმედებითი, ბავშვზე ორიენტირებული ნოვატორული მიდგომები დანერგა, პერკინსის ყრუ-უსინათლო სტუდენტების სწავლების მიდგომები მაინც მცირედით განსხვავდებოდა ლაურა ბრიჯმანის პერიოდისგან. თითოეულ ბავშვს ჰყავდა საკუთარი სპეციალური პედაგოგი, ჩვეულებრივ, ახალგაზრდა, დაუქორწინებელი ქალბატონი, რომელიც მთელ დღეს, ზოგჯერ მთელ დღე-ღამეს ატარებდა მასთან ერთად. ბავშვები გაკვეთილებს პერკინსის სხვა სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ, მათი მასწავლებლები ხელზე აწერდნენ მათ გაკვეთილებს და აწვდიდნენ სხვა დამატებით ინფორმაციებს.

ჰელენ კელერი გატაცებული იყო კომუნიკაციით, ის ბევრს მუშაობდა ზეპირი მეტყველების სწავლისთვის. მისმა ძალისხმევამ გავლენა იქონია ყრუ-უსინათლო სტუდენტების პედაგოგებზე და 1930 წლიდან მათ დაიწყეს მუშაობა ზეპირი მეტყველების სწავლების მეთოდის განვითარებაზე. სოფია ალკორნმა კენტუკიდან შეიმუშავა ზეპირი მეტყველების სწავლების მეთოდი ყრუ-უსინათლო ადამიანებისთვის, რომელიც, შემდგომში ინის ჰოლმა წარმოადგინა პერკინსში.

სასწავლო კურსი მასწავლებლებისთვის

1940 – იანი წლების დასასრულს გაჩნდა ყრუ-უსინათლოთა პედაგოგების მწვავე დეფიციტი. 1949 წელს მაურინ გიტცუზმა შექმნა პედაგოგთა სწავლების მიჩიგანის პროგრამა, თუმცა ამით ვერ მოხერხდა არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება. 1953 წელს, პერკინსმა, ამერიკულ უსინათლოთა ფონდის თანასპონსორობით ჩაატარა პირველი კონფერენცია ყრუ-უსინათლოთა განათლების შესახებ, სადაც პედაგოგები განიხილავდნენ თუ როგორ უნდა მოგვარებულიყო კადრის დეფიციტი. ამის შემდეგ, დირექტორმა ედვარდ ვატერჰაუსმა სთხოვა პერკინსის ხელმძღვანელობას მიეღოთ საბედისწერო გადაწყვეტილება: ან საერთოდ დაეხურათ პერკინსის ყრუ-უსინათლოთა პროგრამა, ან გამოენახათ რესურსები პედაგოგთა სწავლებისთვის პროგრამის შესადგენად. ხელმძღვანელობამ მიიღო აღნიშნული გამოწვევა.

1956 წელს პერკინსი გაერთიანდა ბოსტონის უნივერსიტეტთან, რათა ყრუ-უსინათლო ადამიანებისთვის შეეთავაზებინათ სამაგისტრო პროგრამა. შედეგად, პედაგოგთა ძალისხმევით, შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელში ჩაწერილი სტუდენტების რიცხვი თანდათანობით იზრდებოდა.

ცვლილებები ყრუ-უსინათლოთა პოპულაციაში

წითურას ეპიდემიამ 1964-65 წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოიწვია 3 000 – ზე მეტი ყრუ-უსინათლო ბავშვის დაბადება. პერკინსი ამ დროისთვის კარგად იყო მომზადებული იმისთვის, რომ განევითარებინა და შეეთავაზებინა მომსახურებები მათთვის.

1980 წელს წითურას საწინააღმდეგო ვაქცინის განვითარებამ განაპირობა ყრუ-უსინათლოთა პროგრამაში ჩართვის მსურველთა რიცხვის შემცირება. თუმცა, 1990-იან წლებში, თანდაყოლილი ყრუ-უსინათლობისა და შეზღუდული შესაძლებლობის გაზრდის ფონზე, სტუდენტების რიცხვი ისევ გაიზარდა. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების წყალობით, ექიმებს შეუძლიათ ძალიან მცირე წონისა და იშვიათი სინდრომების მქონე ახალშობილების გადარჩენა. ასეთი ბავშვების დიდ ნაწილს აქვს რთული სამედიცინო მდგომარეობა, რაც პედაგოგებს ასეთივე რთული საგანმანათლებლო გამოწვევების წინაშე აყენებს.

ყრუ-უსინათლოთა განათლება დღეს

პედაგოგები კომუნიკაციის ზოგადი ფილოსოფიის ერთგულებად რჩებიან და კონკრეტული ბავშვის სპეციფიკური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებიტ იყენებენ კომუნიკაციის სხვადასხვაგვარ მეთოდებს (მაგ: ჟესტური ენა, ჟესტი, ნახატები, საგნები, ტადომას მეთოდი, მეტყველება). ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა, რომელიც ეხმარება მას ზრდასა და წარმატებაში. პერკინსის ყრუ-უსინათლოთა პროგრამამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა თავის მეთოდებში და ამასთან, შეინარჩუნა თავისი ორიგინალური სტრატეგიები ბავშვების საგანმანათლებლო, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, შემეცნებითი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ლაურა ბრიჯმანის დროიდან 21-ე საუკუნემდე პერკინსი აგრძელებს ყრუ-უსინათლო სტუდენტებისთვის მაღალხარისხიანი განათლების მიწოდებას.

წყარო: https://www.perkins.org/history/legacy/deafblind

გააზიარე სტატია

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on google
Share on whatsapp
Share on skype
Share on telegram
Share on email
humandocge_logo_kolo
Skip to content