COVID-19 და ყრუ-უსინათლო ადამიანები.

covid

ამ საერთო მღელვარების ფონზე, როდესაც მთელს მსოფლიოში კორონავირუსი (COVID-19) მძვინვარებს, მისი თანმდევი ბუნებრივი კატასტროფებით, როგორიც იყო მიწისძვრა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ჩვენ უნდა შევძლოთ დავიცვათ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, რადგან ისინი ორმაგ იზოლაციაში იმყოფებიან ნებისმიერი კრიზისის დროს. გაეროს შშმ პირთა უფლებების მე-11 კონვენციის თანახმად, ყრუ-უსინათლო ადამიანები უნდა იყვნენ თანასწორად დაცულნი საფრთხის შემთხვევაში.

მსოფლიოს მოსახლეობის 0,2-2%-ს, შესაბამისად, 15-დან 155 მილიონამდე ადამიანს აქვს ერთდროულად მხედველობისა და სმენის დაქვეითება – ყრუუსინათლობა. ასაკის მატებასთან ერთად კი ეს რიცხვი 6%-მდე იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ 467 მილიონ ადამიანს აქვს გარკვეული ხარისხის ყრუუსინათლობა. ყრუ-უსინათლო ადამიანები არ უნდა იქნან დავიწყებული ამ კრიზისის დროს.

გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ასაკთან ერთად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ვირუსების პირისპირ უფრო დაუცველები ხდებიან. ხანდაზმული ყრუ-უსინათლო პირები, ახალგაზრდებთან შედარებით, მეტად მიეკუთვნებიან რისკ-ჯგუფს. გარდა ამისა, მათ უწევთ ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებისთვის ბრძოლა. ისევე, როგორც ყოველდღიური ამოცანების გადაჭრა, როგორიცაა საკვებისა თუ მედიკამენტების ყიდვა და მრავალი სხვა ყოფითი საკითხი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ორმაგი სენსორული დარღვევა და ასაკის მატებასთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადებების რისკები კიდევ უფრო ართულებს მათ მდგომარეობას. COVID-19-ს გამო შეუძლებელი გახდა იმ რიგ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ რისკს და შესაძლო გართულებებს შეამცირებდა.

გაეროს მე-9 მუხლის მიხედვით: სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ ყრუ-უსინათლო პირთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, კომუნიკაცია და სხვა ყველა საჭირო სერვისი, რათა მათ შეძლონ იცხოვრონ დამოუკიდებლად და იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

სწორედ ამიტომ, ევროპის ყრუ-უსინათლო პირთა გაერთიანებამ (EDBU), მისი წევრებისგან მიღებული წესების თანახმად, შეადგინა შემდეგი რეკომენდაციები, რომელიც აუცილებელია მომსახურების თანაბარი სტანდარტის უზრუნველსაყოფად და ყრუ-უსინათლო პირთა მხარდაჭერისათვის, ისეთი მძიმე კრიზისების დროს, როგორიც ეს პანდემიაა.

ევროპის ყრუ-უსინათლო პირთა გაერთიანება (EDBU), აფრიკის ყრუ-უსინათლო პირთა ფედერაცია (AFDB), ლათინური ამერიკის ყრუ-უსინათლო პირთა ფედერაცია (FLASC) და მსოფლიოს ყრუ-უსინათლო პირთა ფედერაცია (WFDB) მოუწოდებს გაეროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, ევროკავშირის ორგანოებს, სხვადასხვა პარტიებსა და მთავრობებს, რომ უზრუნველყონ შემდეგი:

  1. მედიაზე წვდომის აუცილებლობა – ყველა მედია საშუალება უნდა იყოს უზრუნველყოფილი სუბტიტრებით, ამავდროულად, ჟესტურ ენაზე და ხელმისაწვდომი ყველა სმენადაქვეითებული და უსინათლო პირისათვის. ასევე აუცილებელია იყოს მშობლიურ ენაზე, მკაფიო მეტყველების თარგმანით, მაღალი ხარისხის გამოსახულებით და ფართო ბეჭდვითი პუბლიკაციებით. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაციის მიღების პროცესში.
  2. ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება – COVID-19-ის ოფიციალური ინსტრუქციები, გზამკვლევი და მითითებები უნდა იყოს ხელმისაწვდომი შესაბამის ფორმატებში ყრუ-უსინათლო ადამიანებისათვის, რომელიც მოიცავს გაზრდილ ბეჭდურ შრიფტს და ბრაილს.
  3. სერვისის მიმწოდებლებთან წვდომა – COVID-19-ის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიმწოდებლებთან, როგორიცაა – წითელი ჯვარი, სატელეფონო მომსახურების სერვისები და ფსიქოლოგიური, თუ სხვა სახის დახმარება ყრუ-უსინათლო პირებისათვის.
  4. ციფრულ მედიაზე წვდომა – ციფრული მედია უნდა შეიცავდეს ჟესტურ ენაზე თარგმანს და სხვადასხვა ფორმატებს ყრუ-უსინათლო პირებისთვის. სპეციალური ინფორმაცია უნდა იქნეს შესაბამის ტექსტურ ფორმატში (ფოტოებისა და რეკლამების გარეშე), რომელიც საჭიროების მიხედვით უნდა იყოს ადაპტირებული. ასევე აუცილებელია, მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის ტექსტური და საფოსტო გზავნილებით უზრუნველყოფა.
  5. პერსონალური უსაფრთხოების მოწყობილობებზე წვდომა (PPE) – გადაუდებელი პრიორიტეტის მინიჭება ყრუ-უსინათლო პირებისთვის, რათა მიიღონ თავდაცვის საშუალებები: ნიღბები, ხელთათმანები.
  6. ჟესტური ენის თარჯიმნების დაცვა – ჟესტური ენის ერთ-ერთი სპეციფიკურობა ისაა, რომ ყრუ-უსინათლო ადამიანებს ხშირად უწევთ ხელით შეხება თარჯიმანთან, რაც გარემოს აღქმისა და მეტი ადაპტირების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ჟესტური ენის თარჯიმნები, რომლებიც მუშაობენ გადაუდებელი დახმარების ცენტრებში, აღჭურვილ უნდა იქნენ იგივე სახის სპეცტანსაცმლით, როგორც სხვა ჯანდაცვის მუშაკები კორონავირუსთან ბრძოლისას.
  7. ცნობიერების ამაღლება – დაუყოვნებლივი ცნობიერების ამაღლება ყრუ-უსინათლო პირთა მხარდაჭერისთვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი და მან უნდა მოიცვას ადგილობრივი ეროვნული ორგანიზაციები, რომლებიც მოღვაწეობენ ჯანდაცვის სფეროში.
  8. სერვისების მიწოდება კარანტინის პერიოდში, ან სამედიცინო დახმარების გაწევისას – საკარანტინო პერიოდის დროს ან სამედიცინო სერვისის მიღებისას, ყრუ-უსინათლო ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მათთვის საჭირო თარგმნის სერვისებზე წვდომის საშუალება (ასევე თარჯიმანი), დამხმარე სერვისები, მენტალური და ფიზიკური მხარდაჭერა.
  9. სამუშაოსა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა – დისტანციური სამუშაო, ან საგანმანათლებლო მომსახურება ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაქირავებულისა და სტუდენტისთვის.
  10. შეზღუდვები COVID-19 კრიზისის დროს – ისეთი საჯარო შეზღუდვების დროს, როგორიცაა 2-ზე მეტი ადამიანის შეკრება ერთ სივრცეში, განხილულ უნდა იქნეს ყრუ-უსინათლო პირთა თანაბარი უფლებების საფუძველზე. ეს ფაქტი იმითაა განპირობებული, რომ ყრუ-უსინათლო ადამიანებს სჭირდებათ თანმხლები თარჯიმანი, რომელიც მათ ეხმარება ყველა საჭირო ინსტრუქციის მიღებაში, როდესაც მათ არ აქვთ ოჯახის მხარდაჭერა, ან მაშინ, როდესაც ალტერნატიულმა მეთოდებმა ვერ გაამართლა. ამრიგად, მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები ადეკვატურად იქნეს მორგებული შშმ პირთა საჭიროებებს.
  11. PDO, რომელიც წარმოადგენს ყრუ-უსინათლო პირებს, რეკომენდაციას გასცემს პირდაპირი მომსახურების შეზღუდვაზე და სახლიდან მუშაობის შესაძლებლობაზე:
  12. ყრუ-უსინათლოთა მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ ასაკოვანი და მარტოხელა პირების მომსახურება.
  13. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე იზოლირებულ ყრუ-უსინათლო პირებს მიეწოდოს სასწრაფო-გადაუდებელი ინფორმაცია, ყველა შემთხვევაში გადაცემული შესაბამისი კომუნიკაციის ფორმით. ამასთანავე, პირველ რიგში პრიორიტეტულია საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება.
  14. ყრუ-უსინათლო პირთა ამოცნობა – მათთვის რჩევაა გამოიყენონ წითელი-თეთრი ფერის ხელჯოხი, რათა იყვნენ მაქსიმალურად ხილულნი და ამასთანავე ჰქონდეთ ოფიციალური მოწმობა/ბარათი, რომელიც მიუთითებს მათ სტატუსზე სამთავრობო და სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში.

ევროპის ყრუ-უსინათლო პირთა გაერთიანება (EDBU), აფრიკის ყრუ-უსინათლო პირთა ფედერაცია (AFDB), ლათინური ამერიკის ყრუ-უსინათლო პირთა ფედერაცია (FLASC) და მსოფლიოს ყრუ-უსინათლო პირთა ფედერაცია (WFDB) თანამშრომლობენ მთავრობებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რათა შესაბამისად იქნეს მიწოდებული ინფორმაცია და ყველა საჭირო სერვისი ყრუ-უსინათლო პირებისათვის.

წყარო: https://bit.ly/deafblindness

სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI Access – ისა და USAID/Georgia-ს მხარდაჭერით პროექტის “ყრუ-უსინათლო პირთა მხარდაჭერა COVID-19ის პანდემიისას” ფარგლებში.

გააზიარე სტატია

humandocge_logo_kolo
Skip to content