ვინ არის ყრუ-უსინათლო პირი?
ტერმინით „ყრუ-უსინათლო“ მოიხსენიებენ ადამიანებს, რომლებსაც ერთდროულად აქვთ დაზიანებული ორივე შეგრძნება – სმენა და მხედველობა. ყრუ-უსინათლო ადამიანები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან სმენისა და მხედველობის დაქვეითების ხარისხისა და ტიპის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ყრუ-უსინათლობის გამოვლინება სხვადასხვაგვარია. სმენისა და მხედველობის დარღვევის ხარისხის მიხედვით, ყრუ-უსინათლო პირები შემდეგ ჯგუფებად იყოფიან:
- ერთდროულად სრულიად ყრუ და უსინათლო პირები
- ერთდროულად ყრუ და მცირემხედველი პირები
- ერთდროულად სმენადაქვეითებული და უსინათლო პირები
- ერთდროულად სმენადაქვეითებული და მცირემხედველი პირები
ადამიანი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გახდეს ყრუ-უსინათლო – დაბადებიდან, სიცოცხლის ბოლომდე. მიზეზი შესაძლოა იყოს ავადმყოფობა, ტრავმა ან ოჯახის გენეტიკა.
რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან თანდაყოლილი ყრუუსინათლობის მქონე პირები და პირები, რომლებსაც შეზღუდვა მოგვიანებით (ზოგჯერ საკმაოდ გვიან) განუვითარდათ. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ მხოლოდ ერთი სენსორის – მხედველობის ან სმენის თანდაყოლილი ან შეძენილი დაზიანება და მოგვიანებით დაუზიანდათ მეორე. ისინი მიჩვეულები იყვნენ ცხოვრებას დარღვეული მხედველობით (როგორც უსინათლო ან მცირემხედველი) ან სმენით (როგორც ყრუ ან სმენადაქვეითებული) და საორიენტაციოდ იყენებდნენ დაუზიანებელ შეგრძნებას (სმენას ან მხედველობას). მეორე ძირითადი შეგრძნების შემდგომი დაზიანება ამ შესაძლებლობას ზღუდავს.
ორმაგი სენსორული დარღვევის გამო, ყრუ-უსინათლო პირები სირთულეებს აწყდებიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კომუნიკაცია, გადაადგილება და ინფორმაციის მიღება. ამიტომ, გარემოში ოპერირებისთვის მათ ესაჭიროებათ კომპეტენტური პროფესიონალის (თარჯიმან-მეგზურის სახით) მხარდაჭერა, გარემოს ადაპტირება, დამხმარე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა და სხვა აუცილებელი მომსახურებები.
ყრუ-უსინათლო ადამიანისთვის მომსახურების მიწოდებისას, მისი მხარდაჭერისას, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს სივრცე მისი ღირსებისთვის, დამოუკიდებლობისა და ავტონომიისთვის.